საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი - სოფელ საკირეში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს
სოფელ საკირეში დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსმა, ილია თავთეთრიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა რთულ რელიეფზეა, თუმცა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს.
„დაახლოებით 19:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება ბორჯომის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში. საკირეში ტყის მასივში შეინიშნებოდა კვამლი. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შეფასდა სიტუაცია. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. გზა არის მიუვალი, რთული რელიეფია. მაშველები ახერხებენ მუშაობას, შესაბამისად, მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშნა ილია თავთეთრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს უკიდია.
„ვმუშაობთ, რათა მიღწეული იყოს ლოკალიზაცია. ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჩვენთვის უცნობია. მუშაობენ შესაბამისი უწყებები. დამატებითი ძალის მობილიზება გავაკეთეთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე მაშველი“, – განაცხადა ილია თავთეთრიშვილმა.
სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სოფელ საკირესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა თბილისიდანაც ჩაერთვება.