საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საყავრესთან ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალიც შემცირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, – ამის შესახენ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია და დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას კი, ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.
დილიდან დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ცეცხლი სოფელ საყავრესთან ბალახს და ტყის საფარს ორი დღის წინ მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 ჰექტარზე მეტი ფართობი.