საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი ცხრა ლოკაციაზე ფიქსირდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი ცხრა ლოკაციაზე ფიქსირდება.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველთა 350-კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.
„რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ამ დროისთვის, ძლიერი დაკვამლიანება მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება.
კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.
4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 257 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.