საგანგებო სიტუაციების სამსახური აგვისტოდან მართვის გამარტივებულ რეჟიმზე გადადის
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიას ცვლის, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა.
ცვლილებების თანახმად, მართვის ორდონიანი სისტემა შემოდის და იზრდება ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა სახანძრო უსაფრთხოებას სახელმწიფო გააკონტროლებს. მაშველებისთვის ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, ასევე, კადრები გადამზადდება.
ცვლილებებით, სტიქიასთან და სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციასთან ბრძოლაში, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მოხალისეებიც ჩაერთვებიან.
„აღნიშნული ცვლილებებით ჩვენ უკვე დავიწყებთ მუშაობას მოხალისეთა სისტემის შექმნაზე, ალტერნატიული, არასამხედრო სამსახურის მომზადებაზე, რომ ეს სერვისი მოქალაქეებს მომავალი წლიდან შევთავაზოთ. აგვისტოდან კი, გადავალთ საგანგებო სიტუაციების მართვის გამარტივებულ რეჟიმზე და გვექნება მეტად ეფექტიანი სისტემა, კოორდინაციის უფრო მაღალი დონე“, – განმარტა პირველ არხთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განვითარების ხუთწლიან გეგმაზე მუშაობს, რაც ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოების მშენებლობასა და ტექნიკურ გადაიარაღებას გულისხმობს.
„რამდენიმე მუნიციპალიტეტში წელს ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოების მშენებლობა დაიწყება. ასევე, 17 მუნიციპალიტეტში ახალი მანქანები გვეყოლება. პარალელურად, განვითარების გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებსაც, როგორიც არის პერსონალის გადამზადება, ტექნოლოგიური განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სამსახური იყოს.