საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე, მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მემორანდუმს ხელი სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული. თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი სწავლებების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მხარეთა მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები, უზრუნველყოფენ ეროვნული გვარდიის თანამშრომლების გადამზადებას და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, იგეგმება ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადება და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ნატოს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი, ასევე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიისა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.