საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მინისტრმა საკუთარი გამოსვლა მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ ექიმების როლი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულია. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, 2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და ცხრა რეანიმობილი შეემატა.
„2021 წლის პირველი იანვრიდან „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50 პროცენტის ოდენობის დანამატი გაიცემა.
მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეიქმნა კოვიდსაწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც მიმდინარე რეჟიმში კლინიკები მონაცემების განახლებას ახორციელებენ. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა თავისუფალი საწოლფონდის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება, რამაც გამოძახებების დროულად შესრულება განაპირობა და მოლოდინის რეჟიმი შეამცირა.
გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვის შეიქმნა ონლაინპლატფორმა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად უტარდებათ ტრენინგები. ექიმებს შეუძლიათ, მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა.
„კერძოდ, 2022 წელს დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.
აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.
დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება.
გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.
2022 წლიდან დაგეგმილია სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ.
2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება და ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური პროცესების გამარტივებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე კალანდიამ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის განახლებული ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი და სასწრაფო დახმარების მანქანაში არსებული უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერებინა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.