სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. მათი ცნობით, აღნიშნული სპეციალობა კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკატორში, ISCO-08 გამოცემის მიხედვით, ქვეჯგუფში „ჯანდაცვის პროფესიონალები“.

პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს: შესაბამისი ფიზიკური უნარები; მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას; პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე, შესაბამისად, მას შეუძლია, ექიმზე სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და სწორად განსაზღვროს დახმარების აღმოჩენის გზები”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარამედიკოსის კომპეტენციას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებული კურსდამთავრებულის უფლებებს დაემატება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.

მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.

„დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა, როგორებიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს პროექტი მოიაზრებს 3 000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ, დღეის მდგომარეობით, საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის 3 000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტინგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. მხოლოდ საკადრო გადინება ცენტრს აქვს 2020 წელს – 108, 2021 წელს – 87, ხოლო 2022 წელს – 69, ამას ემატება არსებული ვაკანსიების შევსება. თითოეული პირის მომზადების ხარჯი შეადგენს 1 600 ლარს. გადამზადების ხარჯი იქნება 160 000-176 000 ლარი ყოველწლიურად. სამიზნე რაოდენობის მიღებამდე ყოველწლიური ხარჯი იქნება ზემოთ აღნიშნული ოდენობა. მომზადებისთვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.