ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა
ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა

თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა.

ახლად გახსნილი სათავო ოფისი ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თავის მოადგილესთან, ილია ღუდუშაურსა და ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგილზე ყველა დეტალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. მოეწყო ცენტრალური სადისპეტჩერო, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები.

ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ახალ სათავო ოფისში სხვადასხვა ლოკაციიდან გადასული ცენტრის 324 თანამშრომელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში მუშაობს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს, ახალი ადმინისტრაციული შენობა კი ამისთვის ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.