საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობების საქართველოში შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობების საქართველოში შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინა

საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, ორ შემთხვევაში ბრალდებულები მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული ცდილობდა, მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.