საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის“ მე-16 საპროტესტო აქცია გაიმართა
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის“ რიგით მე-16 საპროტესტო აქცია გაიმართა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციაში 39,3 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან პარიზის ქუჩებში ოთხი ათასი მომიტინგე გამოვიდა.
პარიზში პოლიციასთან დაპირისპირებისას 28 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა ყვითელჟილეტიანთა აქციები ნანტში, ტულუზასა და ლიონში. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ყვითელჟილეტიანების აქცია ნოემბრიდან მოყოლებული საფრანგეთში ყოველ უქმეებზე იმართება. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მომიტინგეებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ შორის, ერთ-ერთი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომაა.