საფრანგეთის ქალაქ ნანტში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთის ქალაქ ნანტში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გუშინ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრაცია გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქშიც. პარიზში გამართულ მშვიდობიან მსვლელობაში 27 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები გამართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ლიონში, მარსელში, ტულუზასა და ბორდოში.

საფრანგეთში საჯარო მოხელეები უკვე ერთი კვირაა, გაფიცულები არიან. პარიზში არ მუშაობს მეტროპოლიტენის ნაწილი. დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები 5 დეკემბერს დაწყო, რა დროსაც საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრაციაზე 800 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა საპენსიო რეფორმის დეტალები დღეს უნდა გაასაჯაროვოს. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიციირებული გეგმა საპენსიო სისტემის გამარტივებასა და ერთიან სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პენსიონერები საკუთარი შრომით დამსახურებულ შეღავათებს დაკარგავენ.