საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 135 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 17 პოლიციელი
საფრანგეთში არეულობის დროს დაშავდა 135, ხოლო დააკავეს ათასამდე ადამიანი. ამ მონაცემების შესახებ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა ისაუბრა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის 17 პოლიციელია. როგორც ქვეყნის შს მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შედეგად სამართალდამცველებმა ათასამდე ადამიანი დააკავეს. კრისტოფ კასტანერის შეფასებით, პარიზში საპროტესტო გამოსვლებში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი დემონსტრაციებში – 125 ათასი.
წინა კვირის მსგავსად, პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებული აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დაწვეს მანქანები და ნაგვის ურნები, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზის ცენტრში დღეს დახურული იყო ღირსშესანიშნაობები და მაღაზიები, ქალაქში მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა.
საფრანგეთის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე მეოთხე კვირაა, იმართება. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ აქციები ყოველ უქმე დღეს გაიმართება.