საფრანგეთში სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების გაფიცვა და საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.
პარიზში სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლებმა საფრანგეთის პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
დემონსტრაციაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირების სისტემის დაფინანსების რეფორმას აპროტესტებდნენ.
1-ლი ოქტომბრიდან განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საფრანგეთში პაციენტებს აღარ შეუძლიათ, თავად აირჩიონ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების კომპანია. ამის ნაცვლად, საავადმყოფოები მიიღებენ გარკვეულ ბიუჯეტს პაციენტების ტრანსპორტირებისთვის.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დაწესებულებები უფრო იაფი მომსახურების მქონე კომპანიებს მიმართავენ, რაც მცირე კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მსხვილ კომპანიებს მომსახურების ფასში კონკურენციას ვერ გაუწევენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში უკვე მესამე კვირაა საპროტესტო გამოსვლები იმართება.