საფრანგეთში არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იგეგმება
საფრანგეთში არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იგეგმება

საფრანგეთის მთავრობა არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

სატელევიზიო მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს ახალ კანონპროექტს, რომელიც არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, ასევე, დემონსტრანტების ნიღბების ტარებას უკრძალავს. ამასთან, სამართალდამრღვევ პირებს დემონსტრაციებში მონაწილეობა აეკრძალებათ. მთავრობის ინიციატივით, ბიზნესისა და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არეულობის მონაწილეებს დაეკისრებათ.

საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, პროტესტის მორიგი ტალღის დროს უსაფრთხოებას 80 ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში უკვე შვიდი კვირაა, იმართება. დემონსტრაციები 17 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საწვავის ფასის ზრდის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ საპროტესტო აქციები ყოველკვირეულად იმართება.