საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა  ხურვალეთში, ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხურვალეთში, ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ . საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს, საქართველოს ჰიმნი იმღერეს და სიმბოლურად ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

როგორც საფრანგეთში ქართული სათვისტომოს კომიტეტის პრეზიდენტმა, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, სათვისტომო ქართველ ხალხთან ერთად იბრძოლებს საქართველოს მთლიანობისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის მოვდივართ საქართველოში. საოკუპაციო ხაზთან პირველად ვართ. ეს მძიმე ემოციაა. ყოველთვის ვიმეორებთ, რომ 1921 წელს ჩვენი წინაპრების ბრძოლა არ არის დაკარგული.  სათვისტომოს პირველ მუხლში წერია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უნდა იბრძოლო და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ ბრძოლაში“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარსაც ესტუმრნენ და პარიზში მცხოვრებლების მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი ნივთები გადასცეს.

აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების,  “ფესვების” ფარგლებში  გაიმართა.