საფრანგეთმა ახალი კალედონიიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. პირველი საევაკუაციო რეისები ახალი კალედონიიდან სამხედრო თვითმფრინავებით შესრულდა, რადგან დედაქალაქ ნუმეას საერთაშორისო აეროპორტი არეულობის გამო, ერთ კვირაზე მეტია, დაკეტილი.
ტურისტები ახალი კალედონიიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საფრანგეთში კომერციული რეისებით ჩავლენ.
ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ თავიანთი მოქალაქეების დაბრუნება სამშაბათს დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადო ახალი კალედონიის საარჩევნო რეფორმა, რომელმაც კუნძულოვან ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც იქ ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება ადგილობრივ მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.
არეულობის დროს მოკლულია შვიდი ადამიანი, მათგან ბოლო პარასკევს პოლიციელმა მოკლა, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეები დაესხნენ თავს.