ახალ კალედონიაში, სადაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, ემანუელ მაკრონი ჩაფრინდა
ახალ კალედონიაში, სადაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, ემანუელ მაკრონი ჩაფრინდა

ახალ კალედონიაში, სადაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩაფრინდა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაკრონი ახალ კალედონიაში არჩეულ ოფიციალურ პირებსა და ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდება, საუბარი კი პოლიტიკასა და კუნძულის რეკონსტრუქციას შეეხება.

ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.

არსებული ინფორმაციით, არეულობის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი და დაშავებულია ასობით ადამიანი. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას კი სულ 300-მდე ადამიანი დააკავეს. გაძარცვულია და დამწვარია მაღაზიები და სახელმწიფო შენობები.