ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ახალ კალედონიაში სიმშვიდის აღდგენა პარიზის პრიორიტეტში შედის
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ახალ კალედონიაში სიმშვიდის აღდგენა პარიზის პრიორიტეტში შედის

„აჯანყების უპრეცედენტო მოძრაობა“ – ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიაში მიმდინარე მოვლენები.

საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ კალედონიაში დღეს ჩავიდა.

დედაქალაქ ნუმეაში პოლიციის შტაბში ვიზიტის დროს მან თქვა, რომ მომავალი დღეები და კვირები რთული იქნება, მაგრამ პარიზი ყველაფერს გააკეთებს სიმშვიდის აღსადგენად.

„ეს იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი”, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა.

ახალ კალედონიაში განვითარებული მოვლენების შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პატივი მიაგო არეულობის დროს დაღუპულებს და ადგილობრივ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს შეხვდა.

მაკრონმა მიანიშნა, რომ ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოიხსნას.

„პირადად მე მჯერა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა მაკრონმა.

ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია ცხოვრობენ.

კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.