ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიასთან დაკავშირებით საარჩევნო რეფორმა გადადო
ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიასთან დაკავშირებით საარჩევნო რეფორმა გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა, რომელიც ახალ კალედონიას უკავშირდებოდა. საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რომელმაც კალედონიაში რამდენიმედღიანი არეულობა გამოიწვია. ახალ კალედონიაში ჩასულმა მაკრონმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არ იჩქარებს შეთავაზებული ცვლილებების მიღებას, რადგან საჭიროა მეტი მოლაპარაკება.

„პირობა დავდე, რომ ეს რეფორმა დღეს არსებულ კონტექსტში არ მიიღება. რამდენიმე კვირით გადავდოთ საკითხი, რომ დამშვიდდეს ვითარება და დიალოგის განახლება შესაძლებელი გახდეს, რათა ფართო შეთანხმებამდე მივიდეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ კალედონიაში წესრიგის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება, ამ პერიოდში კი საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაში დარჩება.

შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.

არსებული ინფორმაციით, არეულობის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი და დაშავებულია ასობით ადამიანი. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას კი 300-მდე ადამიანი დააკავეს. გაძარცვულია და დამწვარია მაღაზიები, სახელმწიფო შენობები.