საფრანგეთის ქართული სათვისტომო 26 მაისს ეროვნულ მუზეუმს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხას გადასცემს
საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქაიხოსრო ( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხას საზეიმოდ გადასცემს. ჩოხის გადაცემის ცერემონიალი 2018 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან გენერალ გიორგი კვინიტაძის (საქართველოს რესპუბლიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921წლებში ) შვილიშვილი და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
როგორც ეროვნულ მუზეუმში პირველ არხს განუცხადეს, პოლკოვნიკ ქაიხოსრო ( ქაქუცა ) ჩოლოყაშვილის (1924 წლის აჯანყების მეთაურის) ჩოხა, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტის მფლობელობაშია, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილის ხელით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სპეციალურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცემა.