საფრანგეთის პრეზიდენტი კვირას კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ემანუელ მაკრონი რუსეთის დედაქალაქში ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად მიემგზავრება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ლიდერების შეხვედრა ფინალური მატჩის დაწყებამდე გაიმართება. ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი სირიის, ირანისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.
სააგენტო “როიტერის” ანონიმური წყაროს ცნობით, უკრაინის ვითარება საშუალებას არ აძლევს ემანუელ მაკრონს, 2019 წლის ზაფხულში ვლადიმერ პუტინის “დიდი შვიდეულის” სამიტზე, ბიარიცში მიიწვიოს.
რუსეთმა “დიდი რვიანის” სამიტი 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დატოვა.