საფრანგეთის ელჩი - საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი
საფრანგეთის ელჩი - საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი

საქართველოს სახელმწიფო და მთავრობა, მოსახლეობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

დიეგო კოლასი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავსთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ეწვია. აღნიშნულ საწარმოებს შორისაა ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილი კომპანია „ატლანტიკ საქართველო”, რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

ელჩის თქმით, აღნიშნულ კომპანიას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს შორის ყოფნა იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. აქ საქართველოში, ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო და მთავრობა, ადმინისტრაცია და მოსახლეობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი. ჩვენ მთავრობასთან კარგი დიალოგი გვაქვს, რათა გამოვთქვათ ყველა საჭიროება, რომელიც კომპანია „გრუპ ატლანტიკს” გააჩნია, რომ მუშაობის განახლება რაც შეიძლება მალე შეძლოს, ასევე გაფართოება და ზრდა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ 50 სამუშაო ადგილის დამატების შესახებ განაცხადა. ასე რომ, ამ კომპანიას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორები ვართ, რათა ერთად გავაგრძელოთ განვითარება და გადავლახოთ ეკონომიკური სირთულეები“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მისი სტუმრობის მიზეზი ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერაა.