საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდას გულისხმობს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდას გულისხმობს

2024 წლის პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწოფო აკადემიური სტიპენდიების გაზრდა იგეგმება. მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტიო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, პირველი მაისიდან უნდა გაიზარდოს ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე ნამსახურები მოქალაქეების, ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, პარლამენტის წევრების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ყოფილი დიპლომატების, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეების, ყოფილი გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი სხვა პირების კომპენსაცია.

რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს, დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტი იზრდება და 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა, 1000 ლარის ნაცვლად, 1200 ლარი იქნება.

კანონპროექტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, მინიმალური განსხვავებაა სახელმიფო სამსახურში მყოფი ადამიანებისა და იმ ადამიანების ანაზღაურებას შორის, რომლებსაც, შესაძლოა, არასოდეს უმუშავიათ და სახელმწიფო პენსიას იღებენ. დარახველიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ კანონში. წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას ის ზედა ჭერი, რომელიც კანონით იყო განსაზღვრული და 2006 წლის შემდეგ არის  დადგენილი. ეს არის 500-ლარიანი შეზღუდვა. მიუხედავად ძირი პენსიის ზრდისა, ზედა ჭერი ხელოვნურად იყო შეზღუდული და ადამიანებს, რომლებსაც საკმაოდ მრავალი წელი ჰქონდათ ნამსახურები ძალოვან სტრუქტურებში, თუნდაც ყოფილ პარლამენტარებს, მოსამართლეებს და ასე შემდეგ, შეზღუდული ჰქონდათ უფრო მეტი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება. სწორედ ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შემოთავაზებულია, რომ 500-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, ამ შემთხვევაში, 1200 ლარამდე გაიზარდოს ზედა ზღვარი.

გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იზრდება კოეფიციენტების ოდენობა. მოგეხსენებათ, ეს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტია. კერძოდ, ყველა წოდების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული კოეფიციენტი და ის მრავლდება ნამსახურებ წლებზე. გარდა ამისა, ემატება საბაზისო პენსია, რაც არსებობს, ამ შემთხვევაში უმცროსი სპეციალური წოდებისთვის. საუბარია რიგითიდან ზემდეგის ჩათვლით. თუ აქამდე მოქმედებდა ორლარიანი კომპენსაციის გაანგარიშების კოეფიციენტი, ამ შემთხვევაში ორლარიანი ზღვარი იზრდება ხუთ ლარამდე.

საშუალო სპეციალური წოდებისთვის –  საუბარია უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე, აქამდე იყო ხუთლარიანი კოეფიციენტი, რომელიც იზრდება ათ ლარამდე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – მაიორის და პოლკოვნიკის ჩათვლით, იყო ათი ლარი და იზრდება 15 ლარამდე; უმაღლესი სპეციალური წოდებისთვის, საუბარია გენერალ-მაიორზე, გენერალ-პოლკოვნიკის ჩათვლით, თუ იყო 15-ლარიანი ზღვარი, იზრდება 25 ლარამდე. ასევე იზრდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა კომპენსაციის ოდენობა, ანალოგიური შესაბამისი პრინციპის გათვალისწინებით.

ზედა ჭერი იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ასევე ყოფილი გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის.

ასევე მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველებისთვის იმ პერიოდის ჩათვლა საერთო ნამსახურობაში, როდესაც სამოქალაქო უსაფრთხოების ნაწილი, ანუ სამაშველო და სახანძრო სამსახურები შედიოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში. საუბარია დაახლოებით ათწლიან წყვეტაზე, 2005-2015 წლების პერიოდზე. ამ ადამიანებს ეს პერიოდი არ ეთვლებათ ნამსახურებაში, ხოლო მას შემდეგ, რაც გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, მათი ნამსახურების ჩათვლა ხდება. აღნიშნული კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს, ათწლიანი წყვეტა ჩავუთვალოთ როგორც ყოფილ მეხანძრე მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ. დანამატები გაეზრდებათ მათ, ვინც დღეს მუშაობენ ჩვენს სამსახურში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიაში არიან გასული. შესაბამისად, ათწლიანი ნამატი ექნებათ კომპენსაციაზე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, დარახველიძის თქმით, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რისთვისაც დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.

„კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1 მაისიდან. ამის შემდეგ მოხდება  კომპენსაციის გადაანგარიშება ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც დანიშნული აქვს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც კანონის მიღების შემდეგ მოუწევთ კომპენსაციის აღება, დაენიშნებათ. ვფიქრობთ, კარგი შემოთავაზება, ინიციატივაა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებზე, ასიათასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, ასევე სხვადასხვა მაღალ პოზიციას იკავებდნენ, მათთვის სახელმწიფო კომპენსაცია გაიზრდება. ბოლო პერიოდში, სახელმწიფო პენსიის ზრდასთან ერთად, მინიმალური განსხვავება იყო იმ ადამიანების სახელმწიფო კომპენსაციასა და სახელმწიფო პენსიას შორის, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და რომლებსაც შესაძლოა, არცერთ სამსახურში არ უმუშავიათ, უბრალოდ ჰქონდათ სახელმწიფო პენსია. ეს არის სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს უთანასწორობა პირველი მაისიდან გამოსწორდება“, – განაცხადა დარახველიძემ.