„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო.
ირაკლი კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ დაუჭერს უმრავლესობა მხარს კანონპროექტს.
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და და მმართველი გუნდის მიერ გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა კანონპროექტი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე, 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავდროულად, მისი თქმით, მმართველი გუნდი აცხადებს სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.
„ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტიკური საბჭოს სხდომა დღეს დილით გაიმართა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტი მოამზადეს დეპუტატებმა: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.