საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა და ქვეყნები გააფრთხილა, რომ მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზრდის დინამიკას აჩვენებდა, ტემპს კარგავს.

ფონდის ახალი პროგნოზის მიხედვით, რომლის გამოქვეყნებაც ორშაბათს შვეიცარიის კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაამთხვიეს, გლობალური ეკონომიკა წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს – 3.6 პროცენტით. ეს მაჩვენებლები შესაბამისი მიმდევრობით 0.2 და 0.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ოქტომბერში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.

„ორი წლის განმავლობაში სტაბილური ზრდის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკა მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიდის და რისკები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ის მაინც მნიშვნელოვნად მაღალი რისკების წინაშე დგას“, – განაცხადა სსფ-ის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

2018 წლის ოქტომბერში ფონდმა ზრდის პროგნოზის მთავარ მიზეზად ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ტარიფების დაპირისპირება დაასახელა. პროგნოზის ხელმეორედ შემცირების გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის ფონდი ტარიფების ომს ისევ ტოვებს და დამატებით სხვა გამოწვევებს ასახელებს, როგორიცაა გერმანიის ავტოინდუსტრიის შესუსტება და იტალიაში შიდა მოთხოვნის დაბალი ტემპი, რაც ქვეყანაში არსებულ ფინანსურ რისკებს უკავშირდება.

გლობალური ეკონომიკის შემაფერხებელ დამატებით ფაქტორებად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთაშორისო ფინანსური ბაზრების დასუსტებას და თურქეთის ეკონომიკის ვარდნასაც მიიჩნევს.

ახალი პროგნოზის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებისკენ წავა იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები წელს საშუალოდ ორი პროცენტით, მომავალ წელს კი 1.7 პროცენტით გაიზრდებიან.

ეკონომიკის ზრდის ტემპი განვითარებად ქვეყნებშიც შენელდება – ამ ქვეყნებში წელს ზრდა საშუალოდ 4.5 პროცენტი იქნება, რაც 2018 წლის 4.6 პროცენტზე ნაკლებია, 2020 წლისთვის კი მოიმატებს და 4.9 პროცენტზე ავა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი შიშობს, რომ მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლოა, დამძიმდეს, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს გარიგების გარეშე დატოვებს და ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შემცირდება.

დავოსში რეპორტიორებთან შეხვედრისას ლაგარდმა მმართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, სამთავრობო ვალი შეამცირონ და ისეთი რეფორმები გაატარონ, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.