საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა და საკუთარი პროგნოზი შეცვალა. 13 ოქტომბერს სავალუტო ფონდი 2021 წლისთვის 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული ანგარიშით საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე შეამცირა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებაზე.

ამასთან, ნათქვამია, რომ სსფ-ს მისია 2021 წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის 4.3 პროცენტიან ზრდას ელის, თუმცა მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები კვლავაც ნარჩუნდება.

სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შეაკავა პანდემიის ეკონომიკური და სოციალური გავლენა, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვანია პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად.

„2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს, თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. „მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO)“ ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან.

ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. საშუალო ვადაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელია და 5¼ პროცენტს შეადგენს. ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, პროდუქტიულობას გაზრდის და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით საშუალოვადიან პერიოდში რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმის შოკი დიდხანს გასტანს და 2019 წლის დონეს ტურიზმის შემოსავლები მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2025 წლისთვის მშპ-ს 5.5 პროცენტია, რაც ძირითადად უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით დაფინანსდება.

დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში დამატებითი ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება მის ხელთ არსებულ პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გადამწყვეტი ზომები მიიღო. ცენტრალურმა ბანკმა ბაზარს ლარისა და დოლარის ლიკვიდობა მიაწოდა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს და მცურავი გაცვლითი კურსის მიმართ. 2020 წლის აპრილიდან დაწყებული, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 100 საბაზისო პუნქტით შეამცირა და ინფლაციური მოლოდინების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან სიახლოვეს მყარად მოსათოკად აგვისტოს შემდეგ პოლიტიკის განაკვეთს მართებულად უცვლელად ინარჩუნებს. სსფ მხარს უჭერს მონეტარული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაც მანამ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე იმის მკაფიო ნიშნები არ გამოჩნდება, რომ ბოლოხანს ლარის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია დაღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსზე დაწოლა ინფლაციურ მოლოდინებში გადაიზრდება, ინფლაციური მოლოდინის მოსათოკად შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, როგორც სსფ-ში განმარტავენ, პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა. სსფ-ს გუნდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაში აქტივების ხარისხზე პანდემიის გავლენის პროაქტიულ მონიტორინგს და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დასანერგად მუშაობის გაგრძელებას.

„მიმდინარე წელს ფისკალური პოზიციის შერბილებამ მართებულად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების დაცვას. დაბალი შემოსავლების მიუხედავად, მთავრობამ გააფართოვა ხარჯვა კრიზისის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამცირებლად. ღონისძიებებმა, როგორიცაა სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები და ბიზნესისთვის დროებითი საგადასახადო შეღავათები, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას.

ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. შედეგად, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული. 2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და, ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის.

2021 დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 7.6 პროცენტზეა გათვლილი, ითვალისწინებს ჯანდაცვის მაღალ ხარჯებს და შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რაც მომატებული გაურკვევლობის ფონზე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღების გამტკიცებას. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს „ფისკალურ წესში“, რომლის მიხედვითაც, 2023 წლისთვის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60 პროცენტს უნდა შეადგენდეს. ხელისუფლება აგრძელებს ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებთან და სახელმწიფო საწარმოების (SOE) საქმიანობასთან დაკავშირებული ფისკალური რისკების პროაქტიულ კონტროლს. სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება უნმიშვნელოვანესია პანდემიის შემდგომ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და კრიზისის ეკონომიკაზე გავლენის შესამცირებლად; ასევე, ძლიერი, მდგრადი და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს გაზრდის. დაკავშირებულობის ზრდა, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობა, განათლების რეფორმის აჩქარება და ახლახან დამტკიცებული კორპორატიული გადახდისუუნარობის ჩარჩოს განხორციელება საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. მისია ასევე მხარს უჭერს ხელისუფლების გეგმებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების შესახებ, რაც საჯარო სექტორისთვის უფრო ეფექტურ პირობებს შექმნის და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ ანგარიშში.