საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ წელს მერვედ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი წელს ოთხ დღეს მოიცავს და 29 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
„ოქროს პეპელა 2018“ მიეძღვნება ფრანგული კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, ალბერ ლამორისის შემოქმედებას.
პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და მსოფლიოს გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება.
ფესტივალს ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ფესტივალის ჟიური გამარჯვებულს 10 ნომინაციაში ავლენს: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო მსახიობი გოგონა, საუკეთესო მსახიობი ვაჟი, საუკეთესო ეპიზოდური როლი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო გრაფიკა და საუკეთესო ანიმაცია.
საბავშვო ფილმების ფესტივალი 2011 წელს დაარსდა. ფესტივალის მთავარი კრიტერიუმი საავტორო ფილმებია, რომლის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟეც 17 წლამდე მოზარდი უნდა იყოს.
ფესტივალს აქვს როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო პროგრამა. საკონკურსო პროგრამას შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი კინოხელოვანები და გასული წლების ფესტივალების გამარჯვებული ბავშვები.