სად უნდა ვეძებოთ მზის სისტემის სავარაუდო, იდუმალი მეცხრე პლანეტა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილი რვა პლანეტაა, მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთი სხვა პლანეტის არსებობაზე მიუთითებს.
ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტა მზის სისტემის გარე კიდეზე უნდა იმალებოდეს. მისი აღმოჩენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, მაგრამ ახალი კვლევა მიუთითებს, სად შეიძლება იმალებოდეს ის.
მეცხრე პლანეტის მტკიცებულებას წარმოადგენს მისი გრავიტაციული გავლენა სხვა სხეულებზე. თუ ეს პლანეტა არსებობს, მისი გრავიტაცია სხვა პლანეტების ორბიტებზეც უნდა მოქმდებდეს.
შესაბამისად, თუ პლანეტას რაღაც ექაჩება, ამ მიზიდვის წყაროს საპოვნელად მათემატიკის მოშველიებაა საჭირო. სწორედ ასე აღმოაჩინეს ნეპტუნი, როდესაც ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ კაუჩ ადამსმა და ფრანგმა ასტრონომმა ურბენ ლევერიემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შენიშნეს, რომ ურანს თითქოს რაღაც უხილავი პლანეტა ექაჩებოდა.
მეცხრე პლანეტის შემთხვევაში, არ გაგვაჩნია მისი არანაირი გრავიტაციული ეფექტი პლანეტაზე. ვხედავთ მხოლოდ უცნაურად შეჯგუფებულ პატარა ყინულოვან სხეულებს, ე. წ. კოიპერის სარტყლის ობიექტებს მზის სისტემის გარე ნაწილში.
კოიპერის სარტყლის გადაღმა რომ რაიმე პლანეტა არ იყოს, იქ არსებულ ამ ობიექტთა ორბიტები შემთხვევითად იქნებოდა მიმართული მზის სისტემის ორბიტულ სიბრტყეში. მაგრამ ასე არ არის და ვხედავთ, რომ კოიპერის სარტყლის ობიექტთა ორბიტები ერთი და იმავე მიმართულებით არის შეჯგუფებული. არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი სრულიად შემთხვევითობაც იყოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
2016 წელს, კოიპერის სარტყლის ობიექტთა სტატისტიკური გადანაწილების კვლევისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი შეჯგუფების მიზეზი ჯერჯერობით დაუფიქსირებელი გარე პლანეტა უნდა იყოს. მათ გათვლებზე დაყრდნობით, ამ პლანეტას დედამიწაზე ხუთჯერ მეტი მასა უნდა ჰქონდეს და მზისგან ნეპტუნზე ათჯერ შორს უნდა იყოს დაშორებული.
ამ კვლევაში გამოთვლილი იყო ის ვრცელი რეგიონიც, სადაც შეიძლება ეს პლანეტა ყოფილიყო. თუმცა, ძებნამ უშედეგოდ ჩაიარა, რამაც ზოგ მეცნიერს აფიქრებინა, რომ ეს პლანეტა საერთოდ არ არსებობს. ორბიტული უცნაურობა პლანეტის არსებობას არ ამტკიცებს.
სხვები კიდე უფრო შორს წავიდნენ და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ მეცხრე პლანეტა არსებობს, მაგრამ ჩვენ მას იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ სინამდვილეში ის პირველყოფილი შავი ხვრელია.
იმ კრიტიკის გამო, რაც თავდაპირველად მიიღო, ახალმა კვლევამ თავდაპირველი კვლევა ხელახლა გადასინჯა.
კრიტიკის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ის არის, რომ მზის სისტემის გარე ნაწილის ობიექტების მოძებნა ძნელია და მათ იქ ვეძებთ, სადაც ეს მოსახერხებელია. შეჯგუფების ეფექტი, რასაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება მიკერძოებული მონაცემებით იყოს განპირობებული. მკვლევრებმა გაითვალისწინეს დაკვირვებადი მიკერძოებაც, მაგრამ შეჯგუფება სტატისტიკურად მაინც უჩვეულო აღმოჩნდა. უბრალო შემთხვევითობის შანსი მხოლოდ 0,4 პროცენტია.
როდესაც მათ მეცხრე პლანეტის სავარაუდო ორბიტა ხელახლა გამოთვალეს, უკეთესად შეძლეს იმ ზონის განსაზღვრაც, სადაც ის უნდა ვეძებოთ.
კვლევის ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი ის არის, რომ ახლად გამოანგარიშებული ორბიტა მეცხრე პლანეტას მზესთან იმაზე ახლოს ათავსებს, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით. უცნაურია, რადგან თუ ის მართლაც უფრო ახლოს არის, აქამდე უნდა გვეპოვნა.
ავტორთა მტკიცებით, ასე შორს ჩატარებულმა დაკვირვებებმა მეცხრე პლანეტის შესაძლო მდებარეობის ზონები უფრო დაავიწროვა. თუ ის მართლაც არსებობს, მისი დაფიქსირება უახლოეს მომავალში უნდა შეძლოს ვერა რუბინის ობსერვატორიამ, რომელიც 2022 ან 2023 წელს ამოქმედდება.
ეს კვლევა დასკვნითი სახის არ არის და ბევრი ასტრონომი მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ მეცხრე პლანეტა საერთოდ არ არსებობს.
როგორც ჩანს, ყველაფერი საბოლოოდ უახლოეს მომავალში გაირკვევა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.