საცობების განტვირთვის მიზნით, თბილისში ავტომობილების ნაკადების მართვის ე.წ. ჭკვიანი სისტემა დაინერგება
საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში მალე ავტომობილების ნაკადების მართვის ე.წ. ჭკვიანი სისტემა დაინერგება.
როგორც ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, აღნიშნული სახის სისტემა ყველა განვითარებულ ქალაქშია გამოყენებული.
„ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემის პროექტს მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას. ეს არის ფაქტობრივი ნაკადების ავტომატური მართვა და ოპტიმალური ნაკადების მართვის სცენარების კარნახი სისტემიდან. დღეს კონკრეტული პატრულ-ინსპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებული და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა. ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, შუქნიშნებზე სპეციალური დეტექტორები დამონტაჟდება, რომელიც ავტომობილების ნაკადებს განსაზღვრავს.
„ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, თუ სად რა ნაკადის მოცულობა არის მომეტებული და იქიდან გამომდინარე, გვაძლევს კონკრეტულ სცენარებს. შეიძლება, მიმართულება შეცვალოს, შეიძლება შუქნიშნის რეჟიმი შეცვალოს, ეს დაეხმარება როგორც მერიას, ისე საპატრულო პოლიციას ნაკადების ოპტიმალურად მართვაში”, – განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება.
„ახლა ვართ შესყიდვის პროცედურებში და რამდენიმე თვეში, ეტაპობრივად მოხდება ამის დანერგვა”, – აღნიშნა ხმალაძემ.