საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19 საკვებით ვრცელდება. სასურსათო პროდუქტების უდიდესი რისკი ამ მხრივ მხოლოდ ის ხალხმრავალი სუპერმარკეტებია, სადაც მას ყიდულობთ.
მიუხედავად ამისა, ბევრს მაინც ეშინია, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი საკვები პროდუქტებით შეიძლება, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს. ამის გამო, ბევრი მათგანი ხილს და ბოსტნეულს საპნით რეცხავს ან სადეზინფექციო ხსნარით წმენდს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ნიუ-ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და საკვების უსაფრთხოების ექსპერტი დონალდ შაფნერი სტატიას აქვეყნებს.
უნდა დავტოვოთ თუ არა სასურსათო საქონელი გარაჟში ან აივანზე სამი დღის განმავლობაში?
ეს ამბავი უბრალოდ სასაცილოა. ნამდვილად აპირებთ, რომ რძე, ნაყინი ან ძეხვეული გარეთ სამი დღის განმავლობაში დატოვოთ? საკვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საკმაოდ სახიფათოა. გაფუჭებულმა საკვებმა შეიძლება, ნამდვილ უბედურებას გადაგყაროთ.
ასეთ რჩევაში სიმართლის (სურსათის გარეთ დატოვება) სიმართლის პატარა მარცვალი ნამდვილად არის, რადგან ცნობილია, რომ ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე ნელ-ნელა აქტიურობას კარგავს. თუმცა, ასეთი რჩევა იმთავითვე დაფუძნებულია იმაზე, რომ სასურსათო საქონელი ვირუსით არის დაბინძურებული და მასზე უბრალოდ შეხებაც კი დაგაინფიცირებთ, რაც არასწორია.
საჭიროა თუ არა ყოველი ყუთის, პარკისა თუ მათში არსებული პროდუქტების დეზინფექცია?
დონალდ შაფნერის აზრით, ასეთი რჩევაც სამეცნიერო აზრს მოკლებულია. თუკი გეშინიათ, რომ სურსათის შესაფუთი მასალა ვირუსით არის დაბინძურებული, დონალდ შაფნერი გირჩევთ, სანამ დაჯდებით და ამ კონტეინიერებიდან საკვების ამოღებას და ჭამას დაიწყებთ, კარგად დაიბანოთ ხელები. გახსოვდეთ, რომ ჭამის წინ ხელების დაბანა საუკეთესო ჩვევაა ნებისმიერ დროს, მაშინაც, როდესაც პანდემიაში არ გვიწევს ცხოვრება!
რაც შეეხება ცოცხალი პროდუქტების საპნით გარეცხვას? საკვების გასარეცხად საპონი კატეგორიულად არ უნდა გამოიყენოთ. საპონი საკვებისთვის არ არის განკუთვნილი. უფრო მეტიც, კუჭში მოხვედრის შემთხვევაში, საპონს შეუძლია გამოიწვიოს ღებინება და ფაღარათი.
სამეცნიერო ექსპერტებისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ამჟამინდელი რეკომენდაციების მიხედვით, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული უნდა გარეცხოთ ცივ წყალში.
არის თუ არა უსაფრთხო მრავალჯერადი გამოყენების პარკები?
ბევრ ადამიანს მრავალჯერადი გამოყენების პარკი გონივრულ გამოსავლად მიაჩნია. შაფნერი ამბობს რომ ის და მისი ოჯახიც ასე იქცევა. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალია (პანდემიის გარეშეც), რომ ეს პარკები რეგულარულად რეცხოთ.
მართალია, თეორიულად შესაძლებელია, რომ მრავალჯერადი გამოყენების პარკმა სუპერმარკეტში მიკრობები მიიკრას, მათ შორის კორონავირუსიც, მაგრამ უდიდესი საფრთხე მაინც არის მაღაზიაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება, COVID-19 ჰქონდეს.
თუ გეშინიათ, რომ თქვენმა მრავალჯერადმა პარკმა კორონავირუსი მიიკრო, შეგიძლიათ გარეცხოთ. გარდა ამისა, პროდუქტების ამოლაგების შემდეგ აუცილებლად საპნით დაიბანეთ ხელები. ეს რჩევა არ დაგავიწყდეთ პანდემიის დასრულების შემდეგაც.
როგორ შეიძლება შევამციროთ რისკები სასურსათო მაღაზიებში სიარულისას?
მრავალი სუპერმარკეტის შესასვლელში დგას ხელის სადეზინფექციო საშუალება; გარდა ხელებისა, შეგიძლიათ დეზინფექცია ჩაუტაროთ საკრედიტო ბარათებსაც. ორივე იდეა შესანიშნავია, თუ სუპერმარკეტი ამის საშუალებას გაძლევთ.
დონალდ შაფნერი ასევე გვირჩევს, თან გვქონდეს საყიდლების სია, ვიცოდეთ, რისი ყიდვა გვსურს, მაღაზიაში ვიმოძრაოთ სწრაფად და ავიღოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რაც სიაში გვიწერია.
და კიდევ, აუცილებლად შევინარჩუნოთ სულ მცირე 1,8 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებისგან. თუ სუპერმარკეტის შესასვლელში დგას ხელის სანიტაიზერი, გამოვიყენოთ მაღაზიის დატოვებისასაც. სახლში მისვლისას კი, მას შემდეგ, რაც პროდუქტების ამოლაგებას დაასრულებთ, დაიბანეთ ხელები საპნით.
შეგახსენებთ, რომ ყველა ამ რჩევას ნიუ-ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და საკვების უსაფრთხოების ექსპერტი დონალდ შაფნერი გვაძლევს.
მომზადებულია Metafact.io-ს მიხედვით.