საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა.

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სდსს-ის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამსახურის ყოფილ უფროსს და ადმინისტრაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ზურაბ დარჩაშვილს მოუსმინა.

ბრალდების მხარემ მოწმეს ჰკითხა, რა ფუნქცია მოვალეობები ჰქონდა მას როგორც პროტოკოლის სამსახურის უფროსს და ასევე როდის და ვისგან შეიტყო, რომ პრეზიდენტის მიერ გამოიცა განკარგულება რომლითაც ხარჯების ნაწილი, რომელიც დაიფარებოდა სდსს-იდან გრიფით საიდუმლო გახდა.

„მე ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელისგან შევიტყვე ამ განკარგულების შესახებ, რომლის მიხედვითაც გარკვეული ხარჯები ანაზღაურდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ანაზღაურდებოდა საპროტოკოლო ხარჯები, მათ შორის, წარმომადგენლობითი ხარჯები, საცხოვრებელი ქირა, კავშირგაბმულობა. იმ შემთხვევაში, როდესაც იყო ისეთი მატერიალური ხარჯები, რომელიც არ ჩანდა პროგრამაში, ხდებოდა ადმინისტრაციასთან კონტაქტი, შემდეგ მქონდა კომუნიკაცია სდსს-ს იმდროინდელ პირებთან“, – განაცხადა ზურაბ დარჩიაშვილმა.

მოწმეს პროკურორმა ასევე ჰკითხა ათასობით ლარზე, რომელიც ბრალდების მხარის განცხადებით, დაიხარჯა ექსპრეზიდენტის პირადი კომფორტისთვის და როგორ ხდებოდა ამ ხარჯების დაფარვა.

„წინასწარ მე შეიძლება არ მქონოდა ინფორმაცია, რომელი ხარჯებიც ახსენეთ, ნაწილი მათგანი ნაცნობია. ერთ-ერთი შეხვედრა იყო დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება არსებულიყო ენობრივი ბარიერი მეც დავსწრებივარ გარკვეულ შეხვედრებს. 2009 წლამდე არასაპროტოკოლო ხარჯების გადახდა ხდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ადვოკატის კითხვაზე, ვინ გასწია საქართველოში ექიმი დოთის ხარჯები, პროტოკოლის სამსახურის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ ეს ხარჯები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაიფარა და არასაპროტოკოლო ხარჯები იყო.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები არიან ექსპრეზიდენტი და სდსს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია.