სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით.

შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებებით, ის გარემოება ზუსტდება, რომ შესაბამისი შერჩევისა და სათანადო მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგების მიხედვით წვევამდელები ირიცხებიან არა მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, არამედ ამავე წესით შეირჩევიან სამხედრო ვალდებულების მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხადაც.

ამასთან, ინიციატივით განისაზღვრება, რომ თუ კონტრაქტი წვევამდელის მიერ თვითნებურად ან მისი ბრალეულობის გამო ვადამდე შეწყდება, იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურისითვის დადგენილი ვადით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას დაექვემდებარება.

“კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რამდენიმე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოკვეთილი სტატისტიკა, რომლის მიხედვით მნიშვნელოვანად არის შემცირებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხსნის მსურველთა რაოდენობა, რის გამოც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად სასურველი რაოდენობის კანდიდატი ვერ შეირჩა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატივაში მოყვანილია ის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე, საკონტრაქტო სამსახურისთვის საჭირო წვევამდელთა რიცხოვნობა 150 იყო, თუმცა მიღებულთა ფაქტიურად რაოდენობამ – 103 შეადგინა. ასევე იყო 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის დროს, როცა 270 კადრის ნაცვლად, 156 მიიღეს, ხოლო 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევისას 200 პირის ნაცვლად, 109 აიყვანეს.