საბერძნეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სალონიკში პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი აირი გამოეყენებინა.
დემონსტრანტები მეზობელი მაკედონიის მიერ სახელწოდების ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ და მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. დემონსტრაცია იმ დროს გაიმართა, როდესაც სალონიკში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იმყოფებოდა. ის მოქალაქეებს მთავრობის სამომავლო ეკონომიკურ პოლიტიკას აცნობდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის მეზობელ მაკედონიაში სახელწოდების ცვლილების შესახებ რეფერენდუმის გამართვა თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ბევრი ბერძენი ამის წინააღმდეგია.
საბერძნეთის და მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ივნისში მიაღწიეს.