საბერძნეთის მთავრობამ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზების კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა
საბერძნეთის მთავრობამ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. „ევრონიუსის“ ცნობით, დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე თვის ბოლოს უყრიან კენჭს.
ამჟამად საბერძნეთში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება დაშვებულია. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემწთხვევაში, კი მეწარმეები კანაფის წარმოებასა და გაყიდვასაც შეძლებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი კანაფის სრულად ლეგალიზებას არ აპირებს.
როგორც საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლუმ განაცხადა, საბერძნეთის მთავრობა აპირებს, რომ კანაფის კულტივირება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის დაუშვას.
გასული წლის ბოლოს, სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას სამედიცინო კანაფის წარმოების ლეგალიზებით გეგმავს. საბერძნეთის მთავრობის გათვლით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის კულტივირება და წარმოება ქვეყანას ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდ ევროს შემოსავალს მოუტანს. ამასთან, 12-15 სათბურისგან შემდგარი ერთი კომპლექსი 400 სამუშაო ადგილს შექმნის. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში 2011 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც Bloomberg-თან ინტერვიუში საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის მინისტრი ევანგელოს აპოსტოლუ აცხადებდა, ქვეყანაში კანაფის მოსაყვანად სათბურების შექმნის პროექტით უკვე დაინტერესდნენ მეწარმეები. მისი მონაცემებით, ამ ეტაპზე, საუბარია 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტებზე.