საბავშვო ევროვიზია 2019-ს დემეტრე ერგემლიძე თამარ ედილაშვილთან ერთად გაუძღვება
საბავშვო ევროვიზია 2019-ს დემეტრე ერგემლიძე თამარ ედილაშვილთან ერთად გაუძღვება, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიის კონკურსზე გასულ წელს მონაწილეობდა.
დემეტრე ერგემლიძე პირველი არხის გადაცემა „ფერმის“ წამყვანია. ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფთან კი რამდენიმე წელია, თანამშრომლობს.
დემეტრე ერგემლიძე პირდაპირ ეთერში უძღვებოდა საბავშვო ევროვიზიის ტრანსლაციას 2016 წელს, როდესაც მარიამ მამადაშვილმა საქართველოს მესამე გამარჯვება მოუტანა. ასევე, კომენტარს უკეთებდა 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალსაც, რომელიც თბილისში გაიმართა. მასში საქართველოს სახელით მონაწილეობას გრიგოლ ყიფშიძე იღებდა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
დემეტრე ერგემლიძე იყო ევროვიზიის ძირითადი შოუს კომენტატორი 2017 და 2018 წლებშიც. კონკურსებზე, რომლებიც კიევსა და ლისაბონში გაიმართა, საქართველოს თამარ გაჩეჩილაძე და ბენდი „ირიაო“ წარადგენდნენ.
თამარ ედილაშვილმა 2018 წელს საბავშვო ევროვიზიისთვის შესარჩევ მუსიკალურ კონკურს „რანინაში“ გაიმარჯვა და საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით – „შენი ხმა“.
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება. საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.