საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი - საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია.
მისი თქმით, საქართველოში საბანკო სისტემა არის მყარი ყველა შესაძლო რისკთან მიმართებით.
„ქართული ბანკების სიმყარეს ცალსახად განსაზღვრავს კაპიტალის რეზერვების და ლიკვიდობის ადეკვატურობა. კაპიტალის ადეკვატურობით საქართველოს რეგიონთან მიმართებით ყველაზე მაღალი დონე აქვს და ამ კუთხით საქართველოში საბანკო სისტემა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას. საქართველოში საბანკო სისტემა იყო და არის გამძლე ყველა იმ რისკთან მიმართებით, რა რისკებიც წინა პერიოდში იყო და თეორიულად კიდევ შეიძლება იყოს, ამ კუთხით პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება აქციების ფასს, ეს ცვალებადია და, რეალურად, ძალიან რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
რაც შეეხება ლარის კურსს, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ლარის გაუფასურების მიზეზების პროგნოზირება რთულია. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, „ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს პრობლემა აღარ იყოს რელევანტური“.