საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს
საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა. კიბერდამნაშავეები ახალ სქემებს მიმართავენ, რის გამოც იზრდება დაზარალებულთა რაოდენობაც.

„ამჯერად, გვსურს, ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალი სქემის შესახებ, სადაც დაზარალებულები კრიპტოვალუტით მოვაჭრეები, ასევე ის მომხმარებლები არიან, რომლებიც საბანკო ანგარიშებს ფლობენ.

კერძოდ, აღნიშნული სქემის მიხედვით, კიბერთაღლითი კრიპტოვალუტით მოვაჭრეს Telegram-ის Messenger-ით ან საეჭვო რეპუტაციის მქონე სხვა სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით უკავშირდება და მას კრიპტოვალუტის ყიდვაზე უთანხმდება. შეთანხმების შემდეგ, თაღლითი მსხვერპლის ანგარიშიდან, მისი ნებართვის გარეშე, თანხას კრიპტოვალუტით მოვაჭრის ანგარიშზე რიცხავს და მისგან ყიდულობს შესაბამისი მოცულობის კრიპტოვალუტას. ამ თაღლითურ სქემაში დაზარალებული მხარეა როგორც მომხმარებელი, რომლის ანგარიშიდან თანხის უკანონოდ გადარიცხვა ხორციელდება, ისე კრიპტოვალუტით მოვაჭრე, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ჩარიცხულ საეჭვო თანხას გადმომრიცხავი პირის ანგარიშზე აბრუნებს.

სქემის მიხედვით, კიბერთაღლითები Google-ის საძიებო სისტემაში თაღლითურ ვებგვერდებსაც არეკლამებენ და ამ გზით ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას. ასეთი ყალბი გვერდების მისამართები ხშირ შემთხვევაში მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, ყალბ ვებგვერდზე მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით კი, ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.

იმისათვის, რომ კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან მაქსიმალურად იყოთ დაცულები, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კიბერჰიგიენის წესები:

  • არ ენდოთ საეჭვო ან უცნობ პირებს, რომლებიც კრიპტოვალუტის შეძენის მიზნით გიკავშირდებიან;
  • გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ პირი, რომლისგანაც თანხა გერიცხებათ და ვისაც მიყიდეთ კრიპტოვალუტა, ნამდვილად ერთი და იგივე პირია;
  • არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი;
  • ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ.
  • ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ ვებგვერდის მისამართი;
  • მობილური მოწყობილობიდან ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

გაითვალისწინეთ, რომ კიბერთაღლითები თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობენ თქვენს მოტყუებას. ამიტომ, აუცილებელია, გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკის მინიმუმამდე შემცირებას“, – აღნიშნულია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი