სასამართლომ შვეიცარიული ბანკი Credit Suiss ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის არასათანადო მუშაობაში დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ შვეიცარიული ბანკი Credit Suiss ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის არასათანადო მუშაობაში დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა დააკისრა

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ბულგარულ ნარკობიზნესთან დაკავშირებული ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბანკს ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ორგანიზაციას ასევე შვეიცარიის მთავრობისთვის 19 მილიონი ფრანკის გადახდა დაევალა.

შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა არ გაატარა საკმარისი ზომები დანაშაულებრივი სინდიკატის წევრების მიერ ევროპაში კოკაინის ვაჭრობით სარგებელის მიღების პრევენციისთვის.

შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი დანაშაულს უარყოფს და სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. Credit Suisse-ის განცხადებით, ის მუდმივად ტესტავს თავის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემას და ეტაპობრივად აძლიერებს მას მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისად.

შვეიცარიის სასამართლომ ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო ყოფილი ბულგარელი ჩოგბურთელი ელენა პამპულოვა-ბერგომი, რომელიც გარკვეული პერიოდი ბანკში მუშაობდა, მას 20-თვიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ მოისმინა ჩვენებები 2004-2008 წლებში ბანკის მიერ დეპოზიტებად მიღებულ მილიონობით ევროსთან დაკავშირებით. პროკურატურის განცხადებით, პამპულოვა-ბერგომიმ ჩამოაყალიბა არაფორმალური ფინანსური ურთიერთობა ყოფილ ბულგარელ მოჭიდავესთან ეველინ ბანევთან, რომელიც ევროპული ნარკოდაჯგუფების მსხვილი ფიგურა იყო. სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ჩოგბურთელი მოჭიდავესთან დაკავშირებული პირებისგან რეგულარულად იღებდა ნაღდი ფულით სავსე ჩანთებს.

სასამართლომ დაადგინა ბანკის ხარვეზები კრიმინალურ ორგანიზაციებთან კლიენტების კავშირების მართვასთან დაკავშირებით. შვეიცარიის სასამართლომ ასევე მოისმინა ნარკოტიკით მოვაჭრე დაჯგუფების საქმიანობასთან, მათ შორის მკვლელობებთან დაკავშირებული ჩვენებები.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შვეიცარიული ბანკი სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა.