საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.
ჯგუფი საარჩევნო რეფორმის მომზადების მიზნით იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
ჯგუფის მიერ მოსამზადებელი რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. მათ შორის, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ახალი წესით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე ხმის მიცემის სისტემა ელექტრონული იქნება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმა არჩევნების უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საარჩევნო რეფორმის პროცესს იმ ოპოზიციური სპექტრიდანაც შემოუერთდებიან, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
„ჩვენს მიერ არაერთხელ იყო გაცხადებული და უკვე ორი ოპოზიციური პარტია შეუერთდა აღნიშნულ მემორანდუმს. ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დაანონსებული და მიმდინარე სასესიო სემესტრში ჩვენ მივიღებთ იმ საარჩევნო გადაწყვეტილებებს, რომლებიც უფრო მაღალი სტანდარტით ჩაატარებს თვითმმართველობის თუ პარლამენტის არჩევნებს. მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოუერთდებოდა თუ არა აღნიშნულ მემორანდუმს, ჩვენ მათ გარეშეც ვაპირებთ ამ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის გატარებას. მიმდინარეობს კონსულტაციები და დიალოგის რეჟიმი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დარჩენილი ოპოზიციური სპექტრიდან, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, შემოუერთდებიან ამ პროცესს და მათთან ერთადაც გაგრძელდება საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.