გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით, ვფიქრობ, ეს გზავნილი ბევრს ნიშნავს
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით, ვფიქრობ, ეს გზავნილი ბევრს ნიშნავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და „ქართული ოცნების“ „ნამოქმედარით“ იმედგაცრუებული არიან.

ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ პარალელური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მომზადებულ ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ დოკუმენტს ხვალ გამოაქვეყნებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველი დასკვნა ამ შეხვედრიდან და მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა. ყველას ძალიან კარგად ესმით, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ისინი დარჩნენ მარტო, ისინი არ ელაპარაკებიან არავის. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და თავიანთი სამუშაო ჯგუფებიდან გააგდეს ყველა მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

სიტყვა სიტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას – ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამოქალაქო სექტორთან კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდით, რომელსაც ხვალ გამოვაქვეყნებთ საჯაროდ.

ანუ მთელი ოპოზიცია, არ მითხრათ ახლა იქ ერთი-ორი კაცი, მთელი სამოქალაქო სექტორი არის ერთ მხარეს, მინიმუმზე მინიმუმი ჩავდეთ პაკეტში. პირდაპირ გეტყვით, პარალელურად გამოვაქვეყნებთ დოკუმენტს, სადაც ნახავთ, რამდენი საკითხი გვაქვს დამუშავებული, მაგრამ ოპოზიცია წავედით კომპრომისზე, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ნაბიჯები გადაიდგას. ეს არის რეალური სამუშაო, როგორც უნდა მუშაობდეს. ჩვენ ამას კი გამოვაქვეყნებთ, მაგრამ ისევე, როგორც ჩვენ, ევროპელ პარტნიორებს იმედი აქვთ დაკარგული, რომ „ქართული ოცნება“ რამეს იზამს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.