გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, მზაობისა და ფინანსების შემთხვევაში, 2024 წლისთვის ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით ადმინისტრირება 1 200-მდე უბანზე უზრუნველყოს
გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, მზაობისა და ფინანსების შემთხვევაში, 2024 წლისთვის ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით ადმინისტრირება 1 200-მდე უბანზე უზრუნველყოს

ჩვენმა დაკვირვებამ და პილოტირების მიგნებებმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიურ საშუალებებს, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელ აპარატებზე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამოყენებაზე, შეუძლიათ, გადააზღვიონ მთელი რიგი საკითხები, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გადააზღვეიოს ყველა ის საკითხი, რაშიც გარკვეული წუხილები სხვადასხვა არჩევნებზე ისმოდა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, კარგი საერთაშორისო კარგი აჩვენებს, რომ მათ შორის წამყვან ქვეყნებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა ტექნოლოგიების დანერგვა.

„ჩვენ ამის გამოცდილება 2018 წლიდან გვაქვს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასშტაბი კრწანისის მთელ ოლქში, ასევე ბათუმის შუალედურ არჩევნებზე ორკომპონენტიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იყო გამოყენებული საარჩევნო პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს შეუძლია, რომ 2024 წლისთვის თუ შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, დაახლოებით 1 200 საარჩევნო უბანზე უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენმა დაკვირვებამ და პილოტირების მიგნებებმა ცხადყო, რომ ამ ტექნოლოგიურ საშუალებებს, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელ აპარატებზე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამოყენებაზე, შეუძლიათ, გადააზღვიონ მთელი რიგი საკითხები, რაც არის – მანიპულაცია ამომრჩეველთა სიებზე, რაც არის კიდევ დამატებითი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ საკითხით მანიპულაცია დასრულდეს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, არჩევნების წინასწარი მონაცემები ძალიან მოკლე ვადაში იქნება ცნობილი.

„ასევე, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადამიანური შეცდომები. ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი სიზუსტით იქნება შედგენილი შემაჯამებელი ოქმები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. რაც მთავარია, იქნება პროცედურების გამარტივება, საარჩევნო უბანზე სტრესის მოხსნა, ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. ეს არის მთელი რიგი სიკეთეები“, – დასძინა გიორგი კალანდარიშვილმა.