რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული დროშა აღიმართა, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ქალაქ ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული დროშა აღიმართა. გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტის ცენტრს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების განცხადებით, ბახმუტის ცენტრში დროშის აღმართვა რუს სამხედრო ბლოგერს, ვლადლენ ტატარსკის, იგივე მაქსიმ ფომინს ეძღვნება, რომელიც 2 აპრილს სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების დროს მოკლეს.
„სამართლებრივი კუთხით, ბახმუტი აღებულია. იმ დაჯგუფებების მეთაურები, რომლებიც ახორციელებენ იერიშს ადმინისტრაციაზე და მთელ კვარტალზე, ამ დროშებს აღმართავენ. ვაგნერის დროშა – ეს ის ბიჭები იყვნენ, ვინც ბახმუტში იერიშით შეიჭრა. იურიდიული თვალსაზრისით, ბახმუტი ჩვენია. მტერი კონცენტრირებულია ბახმუტის დასავლეთ ნაწილებში“, – განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.
ბახმუტის ცენტრში „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფის შესვლას ოფიციალური კიევი არ ადასტურებს.