რუსული მედიასაშუალებების ნაწილი სახელმწიფო დუმაში მუშაობას წყვეტს. რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატიდან საკუთარი ჟურნალისტები გამოიწვიეს რადიოსადგურმა „ეხო მასკვიმ“, ტელეკომპანია „დოჟდმა“, მედიაჰოლდინგმა RBK-მ, ტელეკომპანია RTVI-მ, საგამომცემლო სახლმა „კომერსანტმა კი განაცხადა, რომ ლეონიდ სლუცკისთან და დუმის ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
რუსეთის სახელმწიფო დუმასთან თანამშრომლობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მედიასაშუალებებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დუმის ეთიკის კომისიამ განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატის ლეონიდ სლუცკის ქმედებებში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, ლეონიდ სლუცკი რამდენიმე ჟურნალისტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ტელეკომპანია „დოჟდმა“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაასაჯაროვა ლეონიდ სლუცკის მისამართით ბრალდებები, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას დაცინვა უწოდა.
თავის მხრივ, დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტს თავმჯდომარემ ლეონიდ ლევინმა განაცხადა, რომ მედიასაშუალებებმა სახელმწიფო დუმაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ემოციურად მიიღეს და ეს საზოგადოების ინფორმირების ამოცანას ეწინააღმდეგება.
ლეონიდ სლუცკი უხამსი ქმედებებსა და შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულეს BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ფარიდა რუსტამოვამ, RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ ეკატერინე კონტრიკაძემ და „დოჟდის“ პროდიუსერმა დარია ჟუკმა.