სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ წუხს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთო-ს მისიას დუმის არჩევნებზე დამოუკიდებლად დაკვირვების საშუალებას არ მისცემს
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ წუხს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთო-ს მისიას დუმის არჩევნებზე დამოუკიდებლად დაკვირვების საშუალებას არ მისცემს

აშშ წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთო/ოდირის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას არ მისცემს საშუალებას, დამოუკიდებლად დააკვირდნენ სექტემბერში დაგეგმილ დუმის არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოდირისა და საპარლამენტო ასამბლეის პრინციპულ პოზიციას, რომ ისინი ვერ დააკვირდებიან არჩევნებს ეფექტიანად ასეთი შეზღუდვების პირობებში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება დუმის არჩევნების პროცესს, როგორც არჩევნების წინა პერიოდს, ისე თავად ხმის მიცემის დღეს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„რუსეთი ვერ დაუსხლტება საერთაშორისო ყურადღებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპატამენტის განცხადებაში.

ეუთო-ს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ეუთო/ოდირი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიწვეული იყვნენ რუსეთში 17-19 სექტებერს დაგეგმილი სახელმწიფო დუმის წევრების არჩევნებზე, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინსტიტუტებიდან დამკვირვებლების რაოდენობა 50 და 10 დამკვირვებლით შეზღუდა. რუსეთის ხელისუფლება მონიტორინგის მისიების წევრების რაოდენობაზე შეზღუდვებს ქვეყანაში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის.