მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების საკითხზე იმსჯელებს
მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების საკითხზე იმსჯელებს

რუსეთის დუმა მომავალ კვირაში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ინიციატივაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის დუმის სპიკერის ინფორმაციით, რუსმა პარლამენტარებმა, „კომუნისტური პარტიის“ ლიდერის, გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინეს კანონპროექტი, რომელშიც „ვლადიმერ პუტინისგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვენ“.

ვოლოდინის თქმით, „მმართველი პარტია შეშფოთებულია ამ რეგიონებში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით“. მისი თქმით, „პრეზიდენტი ზელენსკი მინსკის ხელშეკრულებებს უგულებელყოფს, ნატო-ს უკრაინის ოკუპაცია სურს, რამაც შეიძლება, დიდი ტრაგედია გამოიწვიოს, რაც რუსეთმა არ უნდა დაუშვას“.

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ მომავალ კვირაში ფრაქციების თავმჯდომრეებთან ერთად გაიმართება კონსულტაციები, ხოლო კონსულტაციების შემდეგ, შედეგების მიხედვით, საკითხს სახელმწიფო დუმის საბჭო განიხილავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინიციატივის განხილვის შესახებ ცნობას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, რომლის თქმითაც, „არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან თავის არიდება, რომლებსაც ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა შეუძლია“.