რუსუდან გოცირიძე - ყველას ვულოცავ შობას, მიუხედავად იმისა, რომელ რიცხვში და რომელი კალენდრით ზეიმობს
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„პირველ ყოვლისა, მინდა ყველას მივულოცო შობის დღესასწაული, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაცხოვრის შობა, მიუხედავად იმისა, რომელ რიცხვში და რომელი კალენდრის მიხედვით ზეიმობს ამ დღეს“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
მისივე თქმით, ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართება სპექტაკლი, რომელიც ახალგაზრდებმა პატარა პრინცის მიხედვით შობის დღესასწაულისთვის დადგეს.
„25 დეკემბერს, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ეს არის მართლაც თითქმის 20 წლის ტრადიცია, რომ ყოველი ღამისთევის ღვთისმსახურების შემდეგ, შობას და აღდგომას არის ხოლმე სპექტაკლი, რომელიც ხანდახან ორიგინალური ტექსტითა არის, ანუ პიესას თავად დრამის წევრები წერენ. დღეს საღამოს პატარა პრინცის მიხედვით სპექტაკლი გაიმართება, რომელიც ახალგაზრდებმა შობას დაუკავშირეს“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის თქმით, სპექტაკლის შემდეგ იქნება ფესტივალი. მისივე თქმით, შობა ზეიმის დღეა.
„სპექტაკლის შემდეგ იქნება ფესტივალი, რადგან შობა არის ზეიმის დღე და გვინდა, ყველას, ვისაც რითი შეუძლია, თავისი ნიჭისა და უნარის, სურვილისა და მოწადინების მიხედვით, დღესასწაულში მონაწილეობა მიიღოს.
ევქარისტიის წინ, შობის ღვთისმსახურების წიაღში ვკითხულობთ სხვადასხვა ენაზე, რომელ ენაზე წამკითხავსაც ვიპოვით ჩვენს სამეგობროში და ეკლესიაში. დღეს წაიკითხავენ ანგელოზების გალობის ტექსტს – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, ამ ფრაზას წავიკითხავთ დაახლოებით 12 ენაზე. მათ შორის, სვანურადაც და მეგრულადაც. შევეცდებით, რომ ამით მთელი სამყაროს მრავალფეროვნებას მოვუყაროთ თავი ჩვენი ღვთისმსახურების წიაღში“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.
ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.
კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.
დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.