რუსუდან გოცირიძე - წლების წინ გვიწევდა, დაგვემტკიცებინა, რომ მარიხუანა არ არის ქვეყნის ტრაგედია, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტია
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ ეკლესია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პროცესს ემხრობოდა და არაერთი კამპანიის მონაწილე იყო.
„ვცდილობდით, ხელისუფლებამდე, კანონმდებლებამდე მიგვეტანა საზოგადოების ხმა, რომ მთლად ადეკვატური ვერ იყო კანონმდებლობა, სასჯელის ზომა მარიხუანას მომხმარებლების მიმართ.
„დეკრიმინალიზაციის პროცესი როდესაც დაიწყო და დაფიქსირდა ის რეგულაციები, რომლებიც თან მოყვებოდა დეკრიმინალიზაციას, სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირი განცდა გამიჩნდა, თურმე არსებობს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაც, სახელმწიფოც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ყურს უგდებს და ითვალისწინებს. თუმცაღა, იმ განვითარებამ, რაც შემდგომში მოჰყვა, დამიტოვა იმედგაცრუება და გაოცება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გვიწევდა, დაგვემტკიცებინა, რომ მარიხუანა არ არის ქვეყნის ტრაგედია. დღეს იქით გველაპარაკებიან, რომ თურმე ეს არის ძალიან მომგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, თურმე ქართული კულინარიისა და სამზარეულოს განუყრელი ელემენტია. ამ ყველაფერმა გამიჩინა ისეთი იმედგაცრუების განცდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, იყო რაღაცნაირი თამაში, დიდი ბიზნესგეგმის ერთი ნაწილი და აქ არაფერ შუაში არ იყო მოსახლეობის ხმის გაგონება ან საერთოდ ვინმეზე ზრუნვა“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.