რუსუდან გოცირიძე - სოციალური ქსელები უმართავი სივრცეა, სადაც ყველა ემოცია თოვლის გუნდის პრინციპით მოქმედებს
ახლა ისეთი სიტუაციაა, ადვილია ვინმემ იფიქროს, რომ ადამიანის გაფუჭება მარტივია, შეგიძლია კამპანია ააგორო, ადამიანის რეპუტაცია შელახო, კარიერა დაუმთავრო და მის ცხოვრებას ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა, – ამის შესახებ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვას უპასუხა, იგივე ზვიად დევდარიანის მიმართ შეფასებების გაკეთებისას მართებს თუ არა საზოგადოებას მეტი თავშეკავება მაშინ, როცა საქმის ძიება დაწყებული არ არის, კონკრეტული პირის ბრალეულობა არ დამტკიცებულა და განაჩენი არ დგას.
„სოციალური ქსელები უმართავი სივრცეა, სადაც ყველა ემოცია თოვლის გუნდის პრინციპით მოქმედებს. საკმარისია, ერთი რამ დაგორდეს და ამას ზღვა აგრესია მოჰყვება. ზოგ ადამიანს ღლიცინი ეხალისება. ვიღაცის ტკივილზე ადამიანებს შეუძლიათ, იხუმრონ და ა.შ“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანი მკვლელობისთვის ციხეში ათეულობით წლის განმავლობაში მჯდარა და მერე აღმოჩენილა, რომ სრულიად მართალი იყო, მაგრამ ამის გამო არავის უთქვამს, რომ სამართლებრივი პროცესები ამ მიმართულებით არ უნდა წარვმართოთ და ადამიანი მკვლელობაში არ უნდა დავადანაშაულოთ.
„საფრთხე ნებისმიერ დონეზე არსებობს, რომ შესაძლოა, ხაფანგში ვინმე უდანაშაულოც მოჰყვეს, მაგრამ ამის შიშით ასეთ პროცესებზე უარის თქმა ვფიქრობ, უსამართლობა იქნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წნეხის გამო ბევრი ხნის განმავლობაში ხმას ვერ იღებდნენ“, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა აღნიშნა, ძალიან ძნელია, ქალმა საჯაროდ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბროს, მით უფრო მაშინ, თუ მას მეუღლე ჰყავს და უფრო რთულია სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი, რადგან აქ სივრცე კიდევ უფრო ფაქიზია, სად არის ფლირტის და სექსუალური თავისუფლების სივრცე და სად ზღვარი, რის შემდეგაც ქალი თავს შეურაცხყოფილად, შევიწროებულად გრძნობს.