რუსუდან გოცირიძე - შესაძლოა, თავად ზვიად დევდარიანი სულაც არ თვლიდა, რომ რაღაც ზღვარს ლახავდა
მასკულინურ კულტურაში კაცს ჰგონია, თამაშის წესებს თავად ადგენს, მაგრამ დღეის შემდეგ, როცა პირველი ფლირტის მცდელობის შემდეგ უარი დაუხვდებათ, ვიდრე ამას კვლავ გაიმეორებენ, კაცები კარგად დაფიქრდებიან, ხომ არ უახლოვდებიან ზღვარს, სადაც ადამიანი თავს შეურაცხყოფილად, შევიწროებულად გრძნობს, – განაცხადა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„საერთოდ, როგორც წესი, პირველი რეაქცია, რაც ჩვენს საზოგადოებას ასეთ შემთხვევებში აქვს, ისაა, ნეტა, მსხვერპლი დამნაშავე რაშია და ამ შარში რატომ გაერია“, – განაცხადა გოცირიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა ზვიად დევდარიანის მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებმაც როგორც თავად თქვეს, ამ ამბავის შესახებ იცოდნენ და დუმდნენ, იყო თუ არა მათი დუმილი ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ამ ქალებზე სავარაუდო ზეწოლა გრძელდებოდა და არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი, რუსუდან გოცირიძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარმა ძალიან ბევრი ადამიანის ურთიერთობაზე, ცხოვრებასა და ოჯახზე გაიარა, ამ ფაქტმა თამასა მაღლა ასწია და პირველ რიგში ის გვაჩვენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც ძალიან ჰარმონიული შვილია კულტურისა, რომელსაც ჰგონია, რომ შესაძლოა, ვიღაცები სადღაც დატანტალებენ, მაგრამ ზღვარს არ გადავიდოდნენ, რადგან ისინი მათი ახლობლები არიან.
„რამდენად ცუდი აღსაქმელი არ უნდა იყოს, თითოეულ ჩვენგანს გვყავს ახლობლები, მეგობრები, თანამშრომლები და ოჯახის წევრებიც კი, რომლებსაც შესაძლოა, ბევრი არასახარბიელო ისტორია ჰქონდეთ. ამ ისტორიის დროს, იმასაც ვუშვებ, რომ შესაძლოა, თავად ზვიად დევდარიანი სულაც არ თვლიდა, რომ რაღაც ზღვარს ლახავდა“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ეს ამბავი არის კატალიზატორი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოამჟღავნა და დაძრა.
„მესმის, რომ ეს ძალიან ბევრ ტკივილზე გადის, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება ტკივილზე გადის. იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი თუნდაც, ქალთა უფლებების დაცვის საკითხს ძალიან სასიკეთოდ მოუბრუნდება“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.