ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა იმ კანონის გაუქმებას გულისხმობს, რომელიც უთანაბრობის გასწორებას ემსახურებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დისკრიმინაციულია.
„გვექნება შეხვედრა ირაკლი სესიაშვილთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საუბარი იქნება კონსტრუქციული და მივალთ იმ შეთანხმებამდე, რომ ისეთი დასკვნა დაიდოს, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის და სეკულარული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება. ირაკლი სესიაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდება.